კაფე "დილა" - ქართული "დილა მშვიდობისა" უგემრიელესი კერძებით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"უამრავი ადამიანისთვის საუზმის რიტუალი დღის დასაწყისის განუყოფელი ნაწილია. დილით, მზის ამოსვლასთან ერთად საუზმობა ტურისტებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო პროცესია. სწორედ ამიტომ ავლაბარში, მეტეხის უბანში (ისნის ქუჩა #8), რომელიც ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა, გავხსენით კაფე, სადაც დილის 8 საათიდან ველით სტუმრებს", - ლილე ხოფერია, კაფე "დილას" თანადამფუძნებელი.
როგორც ლილე გვიყვება, ამ სფეროში საქმიანობა გამოცდილების გარეშე დაიწყო. ბრენდის მთავარი მიზანი სასაუზმო კულტურის ტრადიციის დანერგვა და ყველა ადამიანისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა იყო.
"მე და ლილეს ძალიან გვინდოდა, რომ საერთო ბიზნესი გვქონოდა. ამავდროულად, ყოველთვის ვამჩნევდით, რომ ქალაქში სასაუზმე ადგილები არცთუ ისე მრავლად იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, საუზმისა და ლანჩის კაფე გაგვეხსნა, სადაც სტუმრებს დილის გემრიელად დაწყებაში დავეხმარებოდით", - თაკო ლატარია, კაფე "დილას" თანადამფუძნებელი.
თაკო აღნიშნავს, რომ ბიზნესი მინიმალური რესურსით დაიწყეს. რისკის, გამბედაობისა და თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე კი დასახულ მიზანს მიაღწიეს.
"ეს იყო პირველი ნაბიჯები, პირველი საკუთარი ბიზნესი, მით უფრო, რომ ამ სფეროსთან დაკავშირებით გამოცდილება საერთოდ არ გვქონდა. თავიდან არც კი ვიცოდით, როგორ უნდა დაგვეწყო.
ვფიქრობდით, რემონტის პერიოდი დასრულდებოდა და ამოვისუნთქავდით, თუმცა მას შემდეგ ბევრად უფრო რთული ეტაპი დაიწყო. ამასობაში ჩვენც დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა და პროცესებიც უფრო მარტივად წარიმართა".
ლილე ფიქრობს, რომ ანტრეპრენერისთვის მნიშვნელოვანია, საქმე ცივი გონებით გადაწყვიტოს. წინააღმდეგობებსა და გამოწვევებს არ შეუშინდეს, და თუ მოვლენები გეგმის მიხედვით არ წარიმართა, იმედი არ გაუცრუვდეს, რადგან გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
"დააფასეთ ის ადამიანები, რომლებიც გვერდით გიდგათ და ვისთან ერთადაც ამ საინტერესო ნაბიჯებს გადიხართ. ზოგჯერ არაფერია ამაზე სასიამოვნო და მნიშვნელოვანი. დაიმახსოვრეთ, რომ არ არსებობს გადაუჭრელი პრობლება და ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია".
თაკოსაც მიაჩნია, რომ ანტრეპრენერი ის ადამიანია, რომელიც სიახლეებს არ უშინდება და მათ საზოგადოებასაც სთავაზობს. ვისაც სჯერა საკუთარი იდეის და შეუძლია, ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.
"ჩვენი მთავარი ინსპირაციის წყარო ჩვენი სტუმრები არიან, რომლებიც ჩვენთან სტუმრობისას მიღებულ სიამოვნებას გვიზიარებენ, მადლობას ღიმილიანი თვალებით გვიხდიან და გვწერენ, რომ კაფე "დილა" არის ადგილი, სადაც აუცილებლად დაბრუნდებიან, რათა ჩვენი კერძები კიდევ ერთხელ დააგემოვნონ".
"დილა" დილიდან შუადღემდე მუშაობს. სტუმრების უმრავლესობას ტურისტები წარმოადგენენ. მათ კაფე საუზმეს, ლანჩსა და ყავას სთავაზობს. თაკო და ლილე ამბობენ, რომ მომავალ წელს ახალი ფილიალის გახსნას გეგმავენ, რათა ადგილობრივმა მომხმარებელმაც შეძლოს სტუმრობა და "დილა" ადგილობრივებისთვისაც საყვარელი სასაუზმე ადგილი გახდეს.